- აკაურთის იგივე ბერიქალის ციხე დგას სოფელ აკაურთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს (კოორდ. 41.480630, 44.428545). გვიანი შუა საუკუნეების ციხე აღმართულია მაღალ მთაზე და გეგმით იმეორებს კლდის ზედა ნაწილის კონფიგურაციას. ნაგებია კლდოვან ქანზე კლდისავე ფლეთილი ქვით კირდუღაბზე. წარმოადგენდა ოთხი მხრით ბურჯებით გამაგრებულ ციხეს, რომლის ეზოში საცხოვრებელი ნაგებობაც მდგარა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ გალავნის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბურჯების ფრაგმენტები.
XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი მას უწოდებს ბერიქალის ციხეს, რომელიც შეუვალსა და მაგარსა ადგილსა იდგა. როგორც ჩანს, მის დროს ციხე ჯერ კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას. აკაურთის ციხეს 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.













