ეკლესია „გიორგი ბატონი“, როგორც მას მოსახლეობა უწოდებდა, დგას აკაურთის სოფლის თავში, კლდოვან ქანზე (კოორდ. 41.469702, 44.439887). ეკლესია გვიან შუა საუკუნეებშია გადაკეთებული, თუმცა უფრო ადრეული უნდა იყოს. ნაგებია ფლეთილი ქვით. დარბაზულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ინტერიერი დასავლეთისა და აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლებითაა განათებული. აფსიდა შებრტყელებული ნახევარწრის ფორმისაა, რომელიც გადაკეთების შემდეგ არა ნახევარსფეროს, არამედ შეისრული თაღითაა დასრულებული. ასეთივე ფორმისაა კამარაც. ტაძრის ნაოსში სამარხებია გამართული (4 სამარხი), მათგან ერთზე მხედრულით შესრულებული წარწერაა, რომელიც 1706 წლით თარიღდება. საფლავი გიორგი ორბელიშვილის ასულს, როდამს, ეკუთვნის. სწორედ ამ საფლავის ქვაზე მოხსენიებულ გიორგი ორბელიშვილთან უნდა იყოს დაკავშირებული ეკლესიის სახელიც.
ტაძრის ფასადების გაფორმებას წარმოადგენს მხოლოდ სარკმელთა თაღოვანი თავსართები, რომელთაგან დასავლეთისაზე სადა ჯვარია ამოკაწრული, ხოლო აღმოსავლეთის კიდეებგადაკეცილ წარბზე კიდეებგაფართოებული ჯვარია მოცემული.
ეკლესიას 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


















