ბოლნისის სიონი

0
231

ბოლნისის სიონი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი) მდებარეობს სოფელ ზემო ბოლნისში (კოორდ. 41.388959, 44.512927). ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, ბოლნისის სიონი ქართლის მეფე ბაკურის (ბაქარის) დროს ქართლის მთავარეპისკოპოს ელიას აუგია IV საუკუნის ბოლოსა V საუკუნის დასაწყისში. ტაძრის საამშენებლო წარწერის მიხედვით, მშენებლობა დაიწყო პეროზ მეფის მეფობის მე-20 წელს და დასრულდა 15 წლის შემდეგ. აღნიშნული წარწერა წლების მანძილზე მეცნიერული კვლევის საგანია. მეცნიერთა ერთი ნაწილის მიხედვით, პეროზ მეფეში იგულისხმება სპარსეთის შაჰი და, შესაბამისად, ტაძარი აგებულია 478-493 წლებში, მეორე ნაწილის თანახმად, პეროზში იგულისხმება ქართლის მეფე მირიან მეფის სიძე, ქვემო ქართლის მმართველი ფეროზი, და, შესაბამისად, ტაძარიც IV საუკუნის შუა ხანებშია აგებული. წარწერის წაკითხვის მესამე ვარიანტით, აღნიშნულ წარწერაში საუბარია V საუკუნის 20-იან წლებში აგებული და პეროზ მეფის მეფობის დროს დანგრეული ტაძრის 15 წლის შემდგომ დავით ეპისკოპოსის მიერ ხელახალ აღშენებაზე. არსებობს  განსხვავებული წაკითხვები და დათარიღებაც. თუმცა დღეისათვის ტაძრის სამშენებლო თარიღად გაზიარებულია მაინც თავდაპირველი ვერსია – V საუკუნის მეორე ნახევარი.  ტაძრის არაერთგზის გადაკეთებაზე მიუთითებს თავად ტაძრის არქიტექტურაც.

ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა შვერილი აფსიდით, რომელსაც არ გააჩნია სამკვეთლო და სადიაკვნე. შესასვლელი ოთხი აქვს: ერთი სამხრეთ კედელში, ორი ჩრდილოეთისაში, რომლებიც ლუნეტებით სრულდება, და ერთიც დასავლეთ კედელში, რომელიც გვიან შუა საუკუნეებშია გაჭრილი. ტაძრის ინტერიერი განათებულია აღმოსავლეთის ერთი, დასავლეთის სამი და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ექვსი წყვილი სარკმლით, ცალკე განათების წყარო აქვს ჩრდილოეთის ეკვდერსა და სანათლავს. შიდა სივრცე დანაწევრებულია ჯვრის ფორმის ხუთი წყვილი სვეტითა და ამდენივე წყვილი პილასტრით, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. ტაძარს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აქვს ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ გამართული აფსიდის მქონე სანათლავი, რომლის მსგავსი ქართულ ძეგლებში არ გვხვდება. ბაზილიკას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თაღებით გახსნილი გალერეები აქვს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ეკვრის მცირე ზომის კაპელა, რომელიც, როგორც უკანასკნელი არქეოლოგიური გათხრებით ირკვევა, აგებულია უფრო ადრეულ დრომოსიან სარკოფაგზე.

ბოლნისის სიონის რელიეფური გამოსახულებები უმთავრესად ტაძრის აფსიდათა და სვეტების კაპიტელებზეა მოცემული და, ძირითადად, ევქარისტიის სიმბოლიკის გამომხატველია. ტაძრის მთავარი აფსიდის კაპიტელებზე მოცემულია ორ ლომს შორის მომწყვდეული ირმები, სანათლავის აფსიდათა კაპიტელებზე კი – ფარშევანგები ჯვართან, ნუკრს მაწოვარი შველი ვაზის მტევანთან და ხარის თავის ჰორელიეფი რქებს შორის ჯვრის გამოსახულებით. სვეტთა და თაღთა საბჯენ კაპიტელებზე გამოსახულია მტრედი ნისკარტში გვირგვინით, ირმები სიცოცხლის ხეებთან, სიცოცხლის ხეები და სხვა. ინტერიერისა და ფასადების კაპიტელებზე მოცემული ეს სიუჟეტები გადმოსცემენ ქართლის გაქრისტიანების, ევქარისტიისა და წარმართობაზე ქრისტიანობის გამარჯვების სიმბოლიკას. გარდა ამ სიუჟეტებისა, გვხვდება ოთხფურცელა ვარდულების ჯაჭვისებური რიგები, ე.წ. „ხუთანები“, და სხვა გეომეტრიული ორნამენტები. განსაკუთრებულად ბევრია ფასადებსა და ინტერიერში ჩადგმული წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებები. სწორედ ბოლნისის სიონიდან მიიღო სახელი ამ ტიპის ჯვრებმა, რომლებსაც დღეს „ბოლნურ მედალიონს“ ან „ბოლნურ ჯვარს“ ვუწოდებთ.

ბოლნისის სიონის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია მისი წარწერების გამო, რომლებიც დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს ქართულ წარწერებადაა აღიარებული. მათ შორის ერთი, ჩრდილოეთის კარის არქიტრავის წარწერა, ჰყვება ბოლნისის სიონის მშენებლობაზე: „შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე, ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისა და ათთხუთმეტ წლისა შემდგომად განხეშორა. ვინც აქა შინა თაყვანისცეს ღმერთმან შეიწყალენ და ვინ ამის ეკლესიისა დავით ეპისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღმერთმან შეიწყალენ. ამინ“.

მეორე წარწერა, რომელიც ამოჭრილია ჩრდილო-დასავლეთ კარის არქიტრავზე და ტაძრის მშენებლობის თანადროულია, ასე იკითხება: „შეწევნითა ქრისტესითა მე, ფარნევან და აზარუხტ, შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათვის“. მესამე წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, დათარიღებულია VI საუკუნის დასაწყისით და ასე იკითხება: „ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე, იყავნ, იყავნ“. მიჩნეულია, რომ ეს იგივე დავით ეპისკოპოსია, რომელმაც ტაძარი ააგო.

ტაძრის სამხრეთი კარის არქიტრავზე კიდევ ერთი ვრცელი წარწერაა, რომელიც X საუკუნეშია შესრულებული. მისი შინაარსი ასეთია: „ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა წმიდისა ღვთისმშობლისაითა, წმიდისა გრიგოლისითა მე გლახაკმან ელია ბოლნელი მღვდელმთმოძღურად ღირს ვიქმენ საყდარსა წმიდისა გრიგოლისსა და ამას საყდარსა ღამისთევაი არა დებულიყო კვირასძალთა. მე დავდევ და ზედაშე ღამისმთეველთათვის საგალობელად ღმრთისა. ადიდენ ღმერთან დავით მამფალი და შვილნი მათნი და აბულ მამფალი. და აწ ვინ შემდგომად ჩემსა ესე ღამისთევაი და ზედაშე ამის ეკლესიისაგან ფიჩოსანთა შეუცვალოს, შეჩუენებულმცა არს ღმრთისაგან და ამის საყდრისაგან. ვინ ესე აღხოცოს კანონსა ქუეშემცა არს“.

ტაძრის დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას XVII საუკუნის 80-იან წლებში აგებული სამრეკლო, რომელიც ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. იგი სამსართულიანია, პირველი სართული იყო ორი მხრით თაღით გახსნილი კარიბჭე, რომლითაც ტაძრის ეზოში შედიოდნენ, მეორე სართული მცირე სარკმლებით განათებული სენაკია, მესამე სართული კი ოთხივე მხარეს თაღით გახსნილი სამრეკლო, რომელიც ორქანობა სახურავითაა გადახურული. დასავლეთ ფასადში, თაღის თავზე, ჩასმულია მხედრულით შესრულებული საამშენებლო წარწერა.

სამრეკლოს მშენებლობის პარალელურად ტაძრისათვის შემოუვლიათ გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამრეკლო. ეს გალავანი დღეს დანგრეულია და მისი ნაშთები მონასტრის ეზოშია მოქცეული. 

ტაძარი არაერთხელაა აღდგენილი, რაზეც ტაძრის კედლებში არასწორად ჩადგმული არქიტექტურული დეტალები და გადაკეთებები ცხადად მეტყველებს. ყველაზე დიდი განახლება დაკავშირებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის მეფე როსტომის მეუღლე დედოფალ მარიამისა და ამავე საუკუნის ბოლოს ბოლნელი ეპისკოპოსი ნიკოლოზის სახელებთან. ამ სამუშაოების შედეგად ტაძარი აღდგა, დასავლეთ კედელში გაიჭრა კარი, ტაძრის დასავლეთით აშენდა სამსართულიანი სამრეკლო და ტაძარს გაუკეთდა გალავანი. ამ სამუშაოების აღმნიშვნელი 1678-1688 წლების წარწერა სამრეკლოს კედელშია ჩადგმული: „ქ. შეწევნითა ღმრთისათა ჩვენ, მუხრანის ბატონის შვილმან, ბოლნელ ეფისკოპოზმან, ბაგრატის ძემან პატრონმა ნიკოლოზ, მოვედით ბოლნის სიონთა ღმრთისმშობლის საჭისმპყრობელად, ამისი პატიოსნობა ვიგულეთ, დაუხატვინეთ შიგნით კანკელი, საფსალმუნე და სალხინებელი აუშენეთ და კარით და ხატით შევამკევ და შევწირე ერთი წინსაძღომი ჯვარი, ერთი კვარსანთელი, ერთი ყავარჯენი, ერთი ხელი სულ სირმით ნაკერი საეფისკოპოზო შესამოსელი, ერთი ხელი სამღდლო შესამოსი, ვერხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ნაკერი პერექლები. ესები უკლებრივ შემიწირავს, კიდევ ერთი ხელი წიგნები. მეფის გიორგის ბრძანებით, სამრეკლო, ქარვასლა, დუქნები აუშენე ჩემთვის შესანდობლად, მამის ჩემისა და დედის ჩემის სასულიეროდ, შენდობასა იტყოდით, ამენ“.

ბოლნისის სიონი ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შედეგად V საუკუნის ბოლოდან საეპისკოპოსო კათედრაა. გარდა ამისა, ბოლნისის სიონში საუკუნეთა მანძილზე გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელი ეპისკოპოსების ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდა X-XI საუკუნეების გამოჩენილი მღვდელმთავარი – იოანე ბოლნელი.

ტაძარი თავისი არქიტექტურით, ორნამენტიკით, რელიეფებითა და განსაკუთრებით წარწერებით ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.

1989 წლიდან ბოლნისის სიონი მოქმედი ეკლესიაა, რომელსაც 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ