წუღრუღაშენის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფელ ზემო ბოლნისის გადასწვრივ, მდინარე ფოლადაურის მარჯვენა მხარეს, სარკინეს ქედის ფერდზე (კოორდ. 41.380444, 44.529856). ტაძრის წარწერიდან ვეცნობით, რომ შუა საუკუნეებში აქ სოფელი გუნბადი ყოფილა, რომელიც ვინმე ჰასან არსენის ძეს ეკუთვნოდა. სახელი წუღრუღაშენი კი XVII საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში და, ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, ის სოფლის მეპატრონე ვინმე წუღრუღას გამო უნდა დარქმეოდა. ტაძრის წარწერებიდან ასევე ირკვევა, რომ გუნბადის ტაძარი აგებულია წმინდა გიორგის სახელზე ამავე ჰასან არსენის ძის მიერ მეფეთ-მეფე გიორგის დროს. თავიდან ის არ ყოფილა მონასტერი, უფრო ამ ჰასანის საგვარეულო აკლდამა ჩანს, მოგვიანებით კი მონასტრად ქცეულა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილი მას მონასტრად იხსენიებს. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის წუღრუღაშენი უკვე მიტოვებულია.

სტილისტური ნიშნებითა და საამშენებლო წარწერის მიხედვით, მიიჩნევა, რომ ტაძარი 1213-1222 წლებში უნდა იყოს აგებული. წარმოადგენს ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებით. ნაგებია ტუფის ქვით. ფასადები კარგად ნათალი სამი ფერის კვადრებითაა შეპერანგებული. შესასვლელი სამი აქვს. ინტერიერი განათებულია როგორც ფასადებზე, ისე გუმბათის ყელში დატანებული სარკმლებით. ფასადებზე თორმეტი სარკმელია: თითო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში, ორი თაღოვანი და ორი მრგვალი დასავლეთის ფასადზე, ხოლო ექვსი აღმოსავლეთის კედელში. ნახევარწრიული აფსიდა დაკავშირეულია სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან, რომლებიც ორსართულიანია. ასევე ორ-ორი სართულია გვერდითა ნავებშიც. გუმბათის ყელი ოთხ სვეტზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ვიწრო და მაღალი გუმბათი შიდა სივრცის სიმჭიდროვეს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

ტაძარს ჩრდილოეთიდან აკრავს ოდნავ მოგვიანებით მიშენებული აფსიდიანი ეკვდერი, რომელშიც დასავლეთის კარითაც შეიძლება შესვლა და ტაძრიდანაც. ასევე მინაშენი ჰქონია სამხრეთიდან, რომლისგანაც დღეს აღარაფერია შემორჩენილი.

ტაძრის ფასადები უხვადაა გაფორმებული, განსაკუთრებით – აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც ორი მაღალი თაღოვანი ნიშით სამ ნაწილადაა დანაწევრებული. გაფორმებაში გამოყენებულია როგორც გეომეტრიული და მცენარეული, ასევე ცხოველთა გამოსახულებები (ლომები), ბიბლიური სცენები (დანიელი ლომების ხაროში) და სახარებისეული სწავლების ალეგორიები (საშინელი სამსჯავრო). სამხრეთისა და დასავლეთის კარი პორტიკიანია. ყველა სარკმელი გამშვენებულია დეკორატიულორნამენტიანი საპირით, რომელიც, თავის მხრივ, შეწყვილებულ ლილვიან ჩარჩოშია ჩასმული. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეწყვილებულ სარკმლებს შორის ფრონტონამდე აზიდული რელიეფური ჯვრებია მოცემული. განსაკუთრებულად აღსანიშნავია გუმბათი, რომელიც სრულად დაფარულია რელიეფური დეკორით.

ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შესრულებული იყო სამი წარწერა, რომელთაგან სამხრეთის წარწერები დღეს თითქმის აღარ იკითხება. წარწერები სამშენებლო ხასიათისაა: „ქ. სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ძლიერებითა წმიდისა გიორგის ხუთშაბათის ჯუარისაითა, მეფობასა შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა, მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის ძემან ჰასან, დავიწყე შენებაი ტაძარსა გუნბადს, მამულსა ჩემსა, უწყებითა და გამოცხადებითა ამისვე მთავარმოწამისა მიერ, სადიდებლად ღმრთისა“; „ქ. შეწევნითა ღმრთისაითა და წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ძლიერებითა წმიდისა გიორგის ხუთშაბათს ჯუარისაითა, მეფობასა შინა დიდისა გიორგისსა, მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის ძემან ჰასან, დავიწყე შენებაი ტაძრისა გუნბადს, უწყებითა და გამოცხადებითა მისვე მთავარმოწამისა მიერ… სადიდებლად და სალოცველად ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთა მეფისა გიორგისა… სა მადლითა და კაცთმოყვარებითა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე ამინ.“

ტაძარს გარს უვლის გვიანი პერიოდის ქვის გალავანი, რომელიც გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებით. დასავლეთიდან აქვს თაღოვანი კარიბჭე-შესასვლელი, რომელზეც სამრეკლო უნდა ყოფილიყო დაშენებული (დღეს აღარ არსებობს).

წუღრუღაშენის ეკლესიას 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ